
იმუნოთერაპია არის მკურნალობის მეთოდი, რომელიც იყენებს ადამიანის იმუნურ სისტემას კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში.
როგორ მუშაობს იმუნოთერაპია?
იმუნოთერაპიის პრეპარატები ეხმარება იმუნურ სისტემას იმუშაოს ჭკვიანურად, იპოვოს კიბოს უჯრედები და გაანადგუროს ისინი.
რით განსხვავდება იმუნოთერაპია ქიმიოთერაპიისგან?
ქიმიოთერაპია კლავს კიბოს უჯრედებს და ასევე ზიანს აყენებს ორგანიზმის ჯანსაღ უჯრედებს.
იმუნოთერაპია კი აძლიერებს ან ქმნის ძლიერ იმუნურ სისტემას, რომელსაც შეუძლია კიბოს უჯრედების განადგურება, თუმცა ამ პროცესში ის არ აზიანებს ჯანსაღ უჯრედებს. ამიტომ იმუნოთერაპიით შესაძლებელია გახანგრძლივებული მკურნალობა სიცოცხლის ხარისხის შენარჩუნებით.
იმუნოთერაპიას აქვს ნაკლები თანმხლები და მოგვიანებითი გვერდითი მოვლენები. მკურნალობის პერიოდში უფრო ხშირად ვლინდება:
ფაღარათი
დაღლილობა
კანზე გამონაყარი
თითოეული მათგანი ექვემდებარება სიმპტომურ მკურნალობას.
შესაძლოა აუტოიმუნური რეაქციაც, რაც მკურნალობის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტას საჭიროებს.
იმუნოთერაპიის ჩატარება დამოკიდებულია სიმსივნის ტიპზე, სტადიაზე, მის გენეტიკურ ანალიზზე და ბიომარკერების არსებობაზე. ეს გამოკვლევები ტარდება ოპერაციულ ან ბიოფსიურ მასალაზე და განსაზღვრავს იმუნოთერაპიის ეფექტურობას.
იმუნოთერაპია შეიძლება ჩატარდეს ერთი ან ორი პრეპარატით, ან ქიმიოპრეპარატთან ერთად, რაც აუმჯობესებს მკურნალობის შედეგს.
იმუნოთერაპია შეიძლება დაინიშნოს, აგრეთვე კიბოს რეციდივის რისკის შესამცირებლად. იმუნოთერაპია არ ინიშნება, თუ პაციენტს აქვს აუტოიმუნური დაავადება.
იმუნოთერაპიული პრეპარატების მიღება, უმეტეს შემთხვევაში, ხდება ინტრავენური (IV) გზით, როდესაც პრეპარატის შეყვანა ხდება ვენაში. სიხშირე და დოზირება დამოკიდებულია კონკრეტულ პრეპარატზე, ისევე როგორც ინტერვალები ინიექციებს შორის. აგრეთვე, იმუნოთერაპიული პრეპარატები არის ტაბლეტირებული და კანში შესაზელი ფორმითაც (კანის კიბოსთვის).
გამოყენებული წყაროები:
