
რადიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევები ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი ონკოლოგიური დიაგნოზის დასასმელად. ამიტომ ტარდება პროცედურა, რომელსაც ბიოფსია ეწოდება.
გაითვალისწინეთ: ბიოფსიის დანიშვნა არ ნიშნავს, რომ თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში კიბო გექნებათ!
ის მხოლოდ დიაგნოსტიკური ნაბიჯია, რომელიც აუცილებელია სწორი და დროული გადაწყვეტილებების მისაღებად.
ბიოფსიის დროს ექიმი იღებს ქსოვილის ნიმუშს და აგზავნის მას ლაბორატორიაში.
ბიოფსია კვლევის საუკეთესო მეთოდია, რადგან ციტოლოგს/მორფოლოგს საშუალებას აძლევს უჯრედები პირდაპირ, მიკროსკოპული გზით შეისწავლოს.
ბიოფსიის აღება შესაძლებელია სხეულის თითქმის ნებისმიერი ნაწილიდან — მათ შორის კანიდან, შინაგანი ორგანოებიდან და სხვა სტრუქტურებიდან.
ბიოფსიით კლინიკური დიაგნოზი და პათოლოგიური პროცესის ტიპი და გავრცელების საზღვრები ზუსტდება. მის პასუხს ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის კურსის განსაზღვრისთვის.
ერთმანეთისგან განასხვავებენ ბიოფსიის რამდენიმე ტიპს, მათ შორის:
წვრილნემსიან ასპირაციულ ბიოფსიას;
მსხვილნემსიან ბიოფსიას;
ღია, ანუ ოპერაციულ ბიოფსიას;
ლაპაროსკოპიულს;
ენდოსკოპიურ ბიოფსიას და სხვ.
რა მიზნით ტარდება ბიოფსია?
ბიოფსია შეიძლება ჩატარდეს, რათა:
დაისვას დიაგნოზი
დადასტურდეს ან არ დადასტურდეს კიბოს არსებობა
გაირკვეს რამდენად გავრცელებულია კიბო (სტადია)
განისაზღვროს კიბოს ხარისხი (გრეიდი)
თუ აღმოჩენილი უჯრედები გადაგვარებულია, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი ანალიზები სიმსივნის ტიპის დასადგენად, უჯრედების ზრდის ტემპის შესაფასებლად და იმის დასადგენად, გავრცელებულია თუ არა კიბო ახლომდებარე ქსოვილში.
ამის შემდეგ თქვენი ექიმი გადაწყვეტს, გჭირდებათ თუ არა დამატებითი პროცედურები, შემდგომი მეთვალყურეობა ან დამატებითი მკურნალობა.
როგორ ტარდება ბიოფსია?
ბიოფსიის ჩატარების წესი დამოკიდებულია იმაზე, სხეულის რომელი უბნიდან იღებენ ნიმუშს. ბიოფსიის ტიპიდან გამომდინარე, პროცედურა შეიძლება ჩატარდეს როგორც ამბულატორიულად, ისე სტაციონარში.
ბიოფსია შეიძლება ჩატარდეს:
ზოგადი ანესთეზიით — ეს ნიშნავს, რომ იძინებთ და ვერაფერს გრძნობთ.
ან ადგილობრივი ანესთეზიით — ექიმი აკეთებს ადგილის გაუტკივარებას ნიმუშის აღებამდე.
ბიოფსია შესაძლოა ჩატარდეს როგორც ულტრასონოგრაფიის, ისე კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლით, რათა ზუსტად დაინახონ ნიმუშის ასაღები ადგილი.
ბიოფსია, როგორც წესი, უსაფრთხო პროცედურაა, მაგრამ ზოგჯერ, როგორც სხვა სამედიცინო ჩარევისას, შეიძლება გამოიწვიოს გართულებები.
ბიოფსიის შესაძლო რისკებია:
სისხლდენა – შესაძლოა მცირე სისხლდენა გქონდეთ ბიოფსიის ადგილიდან. ამ შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს ან მედდას.
ინფექცია – შესაძლებელია ინფექციის განვითარება. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ტემპერატურა 37.5°C-ზე მეტი ან 36°C-ზე ნაკლები, კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე და დაღლილობა.
ტკივილი – რამდენიმე დღე შესაძლოა გქონდეთ ტკივილი ბიოფსიის ადგილას. თუ ტკივილი გაძლიერდება, აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს.
გამოყენებული წყარო:
1. Biopsy | Biopsy meaning | What is a Biopsy?
2. Breast Biopsy: Why it’s Done, Techniques, & More
3. Biopsy: Types of biopsy procedures used to diagnose cancer – Mayo Clinic
